დაწერილი და დაუწერელი კონსტიტუციები
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
კონსტიტუცია კანონთა კონაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელისუფლებლო ინსტიტუტების დანიშნულებისა თუ უფლება0მოვალეობების დადგენას და ურთიერთობათა განსაზღვრას სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის. ტრადიციულად, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა განსხვავებას დაწერილსა და დაუწერელ კონსტიტუციებს შორის. თეორიულად დაწერილი კონსტიტუცია კანონებშია განსახიერებული, ხოლო დაუწერელი - სავარაუდოდ, ადათსა და ტრადიციებში აისახება ხოლმე. ამჟამად კლასიფიკაციის ამ სისტემას ძირითადად უარყოფითად აფასებენ ხოლმე, რადგან სულ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა რჩება დაუწერელი კონსტიტუციის ერთგული. შეგვიძლია ნებისმიერი კონსტიტუცია შეგვიძლია დაწერილი და დაუწერელი კანონების ნაზავად მივიჩნიოთ, რომელთა შორისაც წონასწორობა მკვეთრად მერყეობს. გერმანიისა და საფრანგეთის მსგავს ქვეყნებში, სადაც კონსტიტუციური მნიშვნელობის დოკუმენტებს სახელმწიფოებრივი კოდექსების დანიშნულება აქვთ და მაქსიმალურად დაწვრილებით ასახავენ პოლიტიკური ინსტიტუტების უფლება-მოვალეობებს, აქცენტი ცალსახად დაწერილ კანონებზეა გადატანილი. მეორეს მხრივ, ამერიკული კონსტიტუცია მხოლოდ 7000 სიტყვისაგან შედგება, მხოლოდ ზოგად პრინციპებზე ამახვილებს ყურადღებას და არც ხელისუფლებას სთავაზობს მმართველობის მკაცრ ჩარჩოებს.
დაწერილი კონსტიტუციის ძლიერ მხარეებად შეიძლება ჩავთვალოთ:
· ძირითადი პრინციპებისა და უმთავრესი საკონსტიტუციო ნორმების დაცულობა ;
· საკანონმდებლო ხელისუფლების მოთოკვა და მისი ძალაუფლების განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევა
· არა პოლიტიზირებული მოსამართლეების პოლიტიკური უფლებამოსილება, თვალი მიადევნონ კონსტიტუციის ნორმების დაცვას სხვა ინსტიტუტების მხრიდან.
· პიროვნული თავისუფლების მეტი უზრუნველყოფა და ავტორიტარიზმის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა
· ამგვარი კონსტიტუციის საგანმანათლებლო ღირებულება, რამდენადაც იგი ხაზს უსვამს მოცემული პოლიტიკური სისტემის უმთავრეს ფასეულობებსა და საერთო მიზნებს.
დაწერილი კონსტიტუციის სუსტ მხარეებად მიიჩნევა:
· დაწერილ კონსტიტუციათა სიხისტე და ერთგვარი მოუქნელობაც
· დაწერილი კონსტიტუციის არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო უზენაესობას საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკოსები კი არ უზრუნველყოფენ, არამედ დანიშნული მოსამართლეები.
· კონსტიტუციური ნორმებად გარდასახული ადათ-წესები და წეს-კანონები შესაძლოა, მეტი პატივისცემით სარგებლობდნენ, მათი არა „გამოგონილი“ არამედ ისტორიული ხასიათიდან გამომდინარე.
· ამგვარ დოკუმენტებს აშკარა მიკერძოება გამოარჩევთ, რამდენადაც ღირებულებებისა თუ პრინციპების ამა თუ იმ ერთობას ამჯობინებენ სხვას, რაც არა თანხმობის, არამედ დაპირისპირების საბაბიც შეიძლება გახდეს.

Comments