ერთპარტიული და ორპარტიული სისტემა
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 1 min read
საკანონმდებლო ორგანო, ჩვეულებრივ , ერთ ან ორი პალატისაგან შედგება. ორპალატიანების უპირატესობა ისაა, რომ იგი კონტროლისა და ბალანსის შესაძლებლობას ზრდის და აფართოებს წარმომადგენლობითობას, რაც განსაკუთრებით ფედერალურ სისტემებშია აუცილებელი. ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მისი მიდრეკილება სახელისუფლებლო კრიზისებისადმი. საკანონმდებლო პროცესში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკომიტეტო სისტემებს და მათი სიძლიერე თავად პარლამენტისა თუ ასამბლეის წარმატებულობის წინაპირობაა.
თავისთავად, ,,ერთპარტიული სისტემა“ შესაძლოა უაზრობადაც მოგვეჩვენოს, ვინაიდან ნებისმიერი სისტემა რამდენიმე შემადგენლის ურთიერთკავშირს გულისხმობს. რამდენადაც მონოპოლიური პარტიები წარმატებით ახერხებენ მუდმივად ხელისუფლების შენარჩუნებას და პუტჩისა თუ რევოლუციის გარდა მათს შესაცვლელად არანაირი სხვა მექანიზმი არ არსებობს, დროთა განმავლობაში ისინი ფაქტიურად, სახელმწიფო მანქანის ფუნქციებსაც ითვისებენ. ერთპარტიული სისტემის ორი განსხვავებული ტიპი არსებობს:
მათგან პირველი - სახელმწიფო სოციალიზმის იმგვარ რეჟიმებში გვხვდება, სადაც მმართველი კომუნისტური პარტიები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ინსტიტუტსა და სფეროს განაგებენ და აკონტროლებენ.
მეორე ტიპის ერთპარტიული სისტემა განვითარებადი სამყაროს იმ ქვეყნებში გავრცელდა, სადაც ანტი კოლონიური ნაციონალიზმია მოდებული და სახელმწიფოს გამთლიანების მოთხოვნილებაც გაჩნდა.
კლასიკური გაგებით ორპარტიული სისტემა სამი ნიშნით ხასიათდება
· სხვა, მცირე პარტიების არსებობის პირობებშიც, მხოლოდ ორი პარტია ახერხებს იმ საარჩევნო და წარმომადგენლობითი რესურსით ისარგებლოს, რაც ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას იძლევა.
· უფრო გავლენიანი პარტია ახერხებს მარტომ მართოს ქვეყანა, მისი მეტოქე კი - ოპოზიციონერობას იწყებს
· ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის მხოლოდ ამ ორ პარტიას შორის , წაგებული კი „ჩრდილოვანი მთავრობის“ სტატუსს სჯერდება.
ორპარტიული სისტემების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
ერთ დროს ორპარტიული პოლიტიკა ანგარიშვალდებულებისა და წესრიგის, წარმომადგენლობითობისა და შედეგიანობის საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა. მისი უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ შესაძლებელს ხდის პარტიულ მმართველობას, რაც თავის მხრივ, ვითომდა სტაბილურობით , არჩევნების შესაძლებლობითა და ხელისუფლების მეტი პასუხისმგებლობით ხასიათდება.
თითქოსდა ზომიერებისკენ მიდრეკილ ორპარტიულ სისტემასაც თავისი ნაკლი გააჩნია: პერიოდულად, იგი შეიძლება უკიდურესი დაძაბულობის მიზეზიც გახდეს და ასევე დღევანდელ, ინდივიდუალიზმისა და სოციალური მრავალფეროვნების, ეპოქაში პოლიტიკური სპექტრის მხოლოდ ორ , შავ-თეთრ ფერებად დაყოფა და ორამდე დაყვანა , უკვე არასაკმარისია
Comments