რევოლუციის მარქსისტული და არამარქსისტული თეორიები
- შოთა იასაშვილი
- Jan 4, 2018
- 2 min read
რევოლუცია, ძირითადად, ციკლურ ცვეიბებს ნიშნავს ( სიტყვა-სიტყვით; ბრუნვა-ტრიალი) . როგორც , მაგალითად 1688 წ. ინგლისში „დიად შემობრუნებად“ მონათლული რევოლუციის შემთხვევაში. თუმცა უკვე პირველი ფრანგული რევოლუციის დროს ჩამოყალიბდა რევოლუციის თანამედროვე კონცეფცია, რაც ძირეულ და შორსმიმავალ ცვლილებებს, არსებული წესრიგის მსხვრევასა და ახლით შეცვლას გულისხმობს. აუცილებელი არაა, რევოლუცია ყოველთვის ძალადობრივი იყოს და ის ამით განსხვავდება „პუტჩისაგან“. რევოლუცია ასევე ჯანყისაგან განსხვავებით, მხოლოდ მმართველ ელიტას კი არ ცვლის, არამედ უფრო ძირეულ პოლიტიკურ გარდაქმნებს ისახავს მიზნად, არსებული სისტემის მთლიანად შეცვლის ჩათვლით.
მარქსისტები რევოლუციის ცნებას მეტად თავისებურად მოიხმარებენ : მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციებს ისინი მმართველობის შემცვლელ თუ სრულიად ახალი მმართველობის დამამკვიდრებელ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად მიიჩნევენ, თავად რევოლუციურ ცვლილებებში მაინც უფრო ღრმა საზოგადოებრივი გარდაქმნების ანარეკლს ხედავენ. მარქსისტული თეორიის თანახმად, რევოლუციებს სოციო-ეკონომიკურ დონეზე არსებული წინააღმდეგობები იწვევს - პრინციპში , რევოლუცია მჩაგვრელის და ჩაგრულის , ექსპლოატატორის და ექსპლუატირებულის დაპირისპირების ანარეკლია და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კლასობრივი საზოგადოება დასაღუპავადა განწირული. მარქსს მიაჩნდა , რომ სწორედ რევოლუცია იქნებოდა დუღილის ის წერტილი, როცა კლასობრივი ბრძოლა ღია კონფლიქტად გადაიქცეოდა და ერთ კლასს მეორეთი ჩაანაცვლებდა. მარქსის აზრით, სოციალური რევოლუციის ეპოქა მაშინ დაიწყო, როცა კლასობრივი სისტემა - იგივე „საწარმოო ურთიერთობები“ - ახალი მანქანა-დანადგარების, ანუ საწარმოო საშუალებების განვითარების ხელშემშლელ პირობად იქცა.
არსებობს რევოლუციის არა-მარქსისტული თეორიებიც. ამგვარი თეორიები ორ საკითხში ვერ თანხმდებიან მარქსის დებულებებთან: მათ ძალა არ ყოფნით აღიარონ, რომ რევოლუციები ღრმა ეკონომიკური და საზოგადოებრივი პროცესების ანარეკლია და მათ უფრო პოლიტიკური სისტემის გარდაქმნად მიიჩნევენ, ვიდრე სოციალური სისტემის სახეცვლილებად. მეორეც, რევოლუცია განიხილება არა როგორც ისტორიის ლოგიკური გარდაუვალი პროცესი, არამედ როგორც გარვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების შედეგი.
რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია პოლიტიკისადმი სისტემათა თეორიის მიყენებაში გამოიხატა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემა ხანგრძლივად შეინარჩუნებს მდგრადობას, თუკი ხელისუფლების „სარგებელი“ გაწონასწორებულია „წვლილით“ ანუ იმ გარეგანი წნეხით, რასაც ხელისუფლება მუდმივად განიცდის.
რევოლუციის მეორე თეორია აღმოცენდა სოციალური ფსიქოლოგიის გამოცდილების გათვალისწინებით და მის ერთ-ერთ ფუძემდებლად ალექსის დე ტოკვილი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც 1789 წ. საფრანგეთის რევოლუციის მიზეზების ახსნას შეეცადა. ტოკველმა მიანიშნა, რომ რევოლუცია მხოლოდ იშვიათად ხდება სრული სიღატაკისა და უსამართლობის პირობებში, ანუ მაშინ , როცა სწორედ რომ უფრო ბუნებრივი სასოწარკვეთა და პოლიტიკური ინერტულობა ისადგურებს ხოლმე. პირიქით, რევოლუცია მაშინაა მოსალოდნელი, როცა ჩაგვრის ხანგძლივი პერიოდის შემდეგ, ხელისუფლება ცოტათი მაინც მოუშვებს მართვის სადავეებს. ტოკველის თქმით, „ცუდი მთავრობისთვის გარდატეხა მაშინ დგება, როცა რაღაცის გამოსწორებას ცდილობს“.
რევოლუციის მესამე თეორია ყურადღებას არა პოლიტიკურ სისტემაში არსებულ ამა თუ იმ სახის წნეხზე , არამედ საკუთრივ სახელმწიფოს ძლიერ და სუსტ მხარეებზე ამახვილებს. გარკვეულ დონემდე სახელმწიფოს შეუძლია წინ აღუდგეს ნებისმიერ ხასიათის პრობლემებს, ვიდრე მას კონტროლის ბერკეტები უპყრია ხელთ და ამ ბერკეტების გამოყენების პოლიტიკური ნებაც გააჩნია.
Comments